ბმულის სანახავად უნდა იყოთ
[რეგისტრირებული ] [ავტორიზაცია]
მსაჯები, რომლებმაც შეცდომები აღიარეს
ტომ ჰენინგ ოვრებო - ჩელსი 1:1 ბარსელონა
ჩელსი ბარსელონას ნახევარფინალური შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე ცხარედ განხილვადი დაპირისპირებაა ფეხბურთის ისტორიაში, რომელზეც გულშემატკივრები დღემდე კამათობენ. ჩელსის გულშემატკივრები თვლიან, რომ მათი გუნდი გაძარცვეს. ხოლო ბარსელონას ფანები პირველ შეხვედრაში, ვოლფგანგ შტარკის მიერ საპირისპირო მხარეს დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებენ. თუმცა, ერთი რაზეც ყველა თანხმდება არის ის, რომ ტომ ოვრებომ მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.
ბარსელონას ფეხბურთელებს საჯარიმოში ბურთი ხელზე ორჯერ მოხვდათ, ერთხელ ჯერარდ პიკემ ითამაშა ხელით, რომელიც ძალიან აშკარა პენალტი იყო, ხოლო ბოლო წუთებზე ბალაკის დარტყმული ბურთი საჯარიმოდან ხელით გამოიტანეს. კადრები, სადაც გაცხარებული ბალაკი ოვრებოს მისდევს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.
იქამდე კიდევ ოთხი მსგავსი ეპიზოდი იყო - სხვადასხვა დროს საჯარიმოში დროგბა, მალუდა და ნიკოლას ანელკაც წააქციეს. მატჩის შემდეგ დროგბა კამერასთან მივიდა და ხმამაღლა იყვირა, რომ ეს ყველაფერი სირცხვილი იყო.
ტომ ჰენინგ ოვრებომ რამდენიმე წლის წინ, მარკასთვის მიცემულ ინტერვიუში, აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ძალიან ცუდად იმსაჯა და უამრავი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გულშემატკივრებს თხოვა მისი კარიერა მხოლოდ ამ ერთი მატჩით არ დაემახსოვრებინათ. თუმცა, საქართველოში ოვრებო იმითაც ახსოვთ, რომ საქართველო - რუსეთის მატჩს მსაჯობდა, რომლის პირველ ტაიმშიც სტადიონზე შუქი წავიდა და მატჩის ერთი წლით გადადება გახდა საჭირო.
ოვრებოსგან განსხვავებით, ვოლფგანგ შტარკს თავისი შეცდომები არასდროს უღიარებია. მეტიც, როცა მას ამ მატჩზე ჰკითხეს, არბიტრმა განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ მასთან მიშელ პლატინი მივიდა და შესანიშნავად ჩატარებული მატჩისთვის მადლობა გადაუხადა. შტარკმა განაცხადა, რომ ბალაკის გაგდება საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან, მისი აზრით, ეს დარღვევა ჩვეულებრივი იყო და მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმას იმსახურებდა.
მარკ კლატენბურგი - რეალი 1:1 ატლეტიკო
2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალმა ატლეტიკო 3 სეზონში მეორედ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის თასი, ისტორიაში მეთერთმეტედ, აღმართა. ეს ფინალი რეალისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა მომდევნო ორ სეზონშიც მოახერხეს, ხოლო ყველაფერი მილანში დაიწყო.
თუმცა, ამ მატჩში მადრიდელების ერთადერთი გოლი, თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. ამ მატჩის არბიტრი მარკ კლატენბურგი იყო, რომელმაც შეცდომა რამდენიმე თვის წინ, დეილი მეილში დაწერილ სტატიაში აღიარა.
"რეალმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, ოღონდ გოლი მცირედი თამაშგარიდან გაიტანეს. ჩვენ ეს შესვენებაზე გავიგეთ, როცა გამეორება ვნახეთ. ეპიზოდი ძალიან რთული დასანახი იყო და ჩემმა ასისტენტმა თამაშგარე ვერ დაინახა." - დაწერა კლატენბურგმა.
"მეორე ტაიმში პეპემ ფერნანდო ტორესი წააქცია, მე კი პენალტი დავდე. გაცხარებული მცველი ჩემთან მოვარდა და ხმამაღლა დამიყვირა - "მარკ, ეს პენალტი არ ყოფილა!" მე კი ვუპასუხე - "არც თქვენი გოლი იყო ჩასათვლელი პირველ ტაიმში!", რამაც პეპეს მოაკეტინა.
ვიცი ეს გულშემატკივრებისთვის უცნაურია, რადგან ორი შეცდომა ერთმანეთს არ უარყოფს და, რა თქმა უნდა, მსაჯები ასე არ ვმოქმედებთ, მაგრამ ფეხბურთელები ასე აზროვნებენ."
პიერლუიჯი კოლინა - ჩელსი 4:2 ბარსელონა
ჩელსი ბარსელონას დაპირისპირებები, იმასთან ერთად, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საყურებელი მატჩებია, მსაჯების შეცდომების სიუხვით ყოველთვის გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდების 2005 წლის დაპირისპირებას მსაჯის შეცდომის გამო შედარებით იშვიათად იხსენებენ, ეს შეცდომა გამარჯვებულის ვინაობის გარკვევაში გადამწყვეტი გამოდგა.
მატჩს, რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად რონალდინიოს შეუდარებელი პერფორმანსის გამო იხსენებენ, რომელმაც სტემფორდ ბრიჯზე ულამაზესი ფეხბურთი ითამაშა და ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გოლიც გაიტანა. მაგრამ, რონალდინიოს დუბლი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ლონდონელებმა ჯონ ტერის გოლის წყალობით ორბურთიანი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
ტერის გოლის ეპიზოდში, რიკარდო კარვალიო ვიქტორ ვალდესს ხელით იჭერდა და მეკარეს საშუალება არ მისცა, ჩელსის კაპიტნის დარტყმა მოეგერიებინა. მეკარესთან საჯარიმოში მცირე კონტაქტიც კი წესების დარღვევაა, ხოლო ჩახუტება და მისი ხელით დაჭერა წარმოუდგენლად აშკარა ჯარიმაა და ძალიან გასაკვირი იყო, როცა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო არბიტრმა ეს ეპიზოდი არასწორად განსაჯა, მაგრამ კოლინამ წლების შემდეგ ყველაფერი განმარტა.
"ვიცოდი, რომ კუთხურებისას ჩელსი ყველაფერს ცდილობდა, რომ ტერისთვის სივრცე გაენთავისფულებინათ - ბლოკებით, ფეხის გამოდებით, ყველანაირი ხერხით. ამიტომ ჩაწოდების მომენტში მთელ ჩემს ყურადღებას ჯონ ტერის ვაქცევდი, რადგან არაფერი გამომპარვოდა და მხოლოდ ის დავინახე, რომ ტერიმ ბურთზე სუფთად ითამაშა. ყველა ფეხბურთელისთვის თვალის დევნება ჩემთვის შეუძლებელი იყო, ამიტომ ვიყავი იმის ინიციატორი, რომ დამატებითი მსაჯები კარების უკანაც მდგარიყვნენ." - განაცხადა კოლინამ.
ჯანლუკა როჩი - ჩელსი 4:4 აიაქსი
ჩელსი აიაქსის მატჩი წარმოუდგენლად სანახაობრივი იყო და ფრედ, 4:4, დასრულდა. მაგრამ, ჰოლანდიელები რაღაც მომენტში სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ და მატჩის შემდეგ ამსტერდამელები მთელ ყურადღებას იმ ეპიზოდზე ამახვილებდნენ, რომელშიც არბიტრმა ჯანლუკა როჩიმ იგივე ეპიზოდში ორი ამსტერდამელი, დეილი ბლინდი და ჯოელ ველტმანი მოედნიდან გააძევა.
აიაქსი მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 9 კაცით დარჩა და ჩელსიმ 2:4-დან მატჩის გადარჩენა შეძლო, ბევრის აზრით, ჰოლანდიელებს გამარჯვება არბიტრის შეცდომებმა წაართვა. აიაქსმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით დაასრულა და ჯგუფში ჩარჩა, ჩელსი კი 11 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
ტელეგრაფთან ინტერვიუში კი როჩიმ მატჩის შემდეგ უეფასთან შეხვედრის დეტალები გაასაჯაროვა - შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მსაჯს თამაში ბლინდის ორთაბრძოლის შემდეგ უნდა შეეჩერებინა, რის შემდეგაც პენალტის ეპიზოდი აღარ შედგებოდა. კიდევ ერთი რაზეც მსაჯები შეთანხმდნენ იყო ის, რომ ვიდეორეფერის ველტმანის წითელი ბარათი უნდა გაეუქმებინა.
ჟორჟინიომ პენალტი გაიტანა, რის ჯეიმსმა კი 3 წუთის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა და ბოლო წუთებზე აიაქსი კინაღამ უქულოდ დარჩა, რადგან ჩელსის უამრავი მომენტი ჰქონდა და ასპილიკუეტამ გამარჯვების გოლიც კი გაიტანა, რომელიც აბრაჰამის ხელით თამაშის გამო გააუქმეს.